ვალუტის კურსი


ყიდვაგაყიდვა
1 USD3.31003.3490
1 EUR3.85903.9490

მომხმარებელთა დაცვა


2020-03-16 - განცხადება


საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, აუცილებლად მიმაჩნია გავაკეთო კომენტარი ამ დღეებში ბანკების და მთავრობის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს ფიზიკური პირებისთვის სესხის შენატანების სამთვიან გადავადებას.
 
რათქმაუნდა, ჩვენც მივესალმებით, ნებისმიერ სოციალურ თუ ეკონომიკურ პროექტს, რომელიც მიმართული იქნება მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის და გადახდისუნარიანობის გაუმჯობესებისკენ, სწორედ ამისკენ არის მოწოდებული ჩვენი საქმიანობა და წარმატებით ვახორციელებთ უკვე 20 წელია.
 თუმცა,  მსგავსი ინიციატივებისას, აუცილებელია, ავტორებმა გათვალონ ის მოსალოდნელი გვერდითი ეფექტებიც, რაც შეიძლება ახლდეს ნებისმიერ, თუნდაც კეთილშობილურ მიზანს, რათა მოკლევადიანი ამოცანების გადასაჭრელად არ დაზიანდეს ქვეყნისთვის ბევრად მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო ინტერესები. მითუმეტეს, როცა ამ მოკლევადიანი გადაწყვეტილებების მიზანშეწონილობაც ხშირად აზრთა სხვადასხვაობას იწვევს.
 
პირველ რიგში, სასურველი იქნებოდა, უფრო დეტალურად და გასაგებად ყოფილიყო ეს სიახლე მიწოდებული მოსახლეობისთვის, რათა თავიდან აგვეცილებინა ის ქაოსი და გაუგებრობა, რაც უკვე სახეზეა. უკანასკნელ დღეებში მასიური სახე მიიღო მსესხებლების მხრიდან მომართვებმა, სესხზე სამი თვის გადასახადის პატიების მოთხოვნით. აშკარაა, რომ მსეხებლების უმეტესობას არასწორად აქვს აღქმული გაჟღერებული ინიციატივის არსი. ამიტომ, მინდა გაცნობოთ:
 
1) აღნიშნული ინიციატივა არ გულისხმობს არანაირი გადასახადის პატიებას, არამედ სესხზე შენატანების სამი თვით გადავადებას, ანუ სამი თვის გადასახადის დარჩენილ პერიოდზე გადანაწილებას, რაც ფინანსურ ენაზე ნიშნავს სესხის რესტრუქტურიზაციას
2) სესხის რესტრუქტურიზაცია, თავის მხრივ, არის ფართოდ აპრობირებული ინსტრუმენტი, რომელსაც მიმართავენ ბანკებიც და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიც, ამის ობიექტური საჭიროების შემთხვევაში და ამაში, რაიმე სახის სიახლე არაფერია.
3) ობიექტური საჭიროება, შეიძლება გულისხმობდეს როგორც კრიზისულ, ასევე სტანდარტულ შემთხვევას, როდესაც მსესხებელს უდგება მოკლევადიანი ან უფრო მეტი ხნით ლიკვიდურობის (გადახდისუნარიანობის) პრობლემა. მაგალითად, კრიზისული, უფრო მეტიც, ფორსმაჟორული სიტუაცია იდგა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კომფლიქტის დროს, როდესაც კონკრეტულად ლაზიკა კაპიტალმა, ბევრი საფინანსო ინსტიტუტისგან განსხვავებით, გარდა მასიური რესტრუქტურიზაციებისა, მსესხებლებს შესთავაზა რამდენიმე თვის დარიცხული პროცენტის და ჯარიმის პატიება; მასიური რესტრუქტურიზაციები იქნა შეთავაზებული სათბურების მფლობელებისთვის იმერეთის რეგიონში, როდესაც შეეზღუდათ თავიანთი პროდუქციის იმპორტი რუსეთში; ასევე მსესხებლებმა ისარგებლეს მასიური რესტრუქტურიზაციებით 2014-2015 წლებში ლარის მნიშვნელოვანი დევალვაციისას და 2018-2019 წლებში, ახლად ამოქმედებული რეგულაციების გვერდითი ეფექტების მინიმუმამდე დასაყვანად
4) ამდენად, სესხი რესტრუქტურიზაციის მოთხოვნა უნდა ეფუძნებოდეს ობიექტურ საჭიროებას. რაც შეეხება, კორონა-ვირუსის შედეგად მიღებულ ეფექტს ფიზიკური პირების ეკონომიკურ საქმიანობაზე, მე პირადად, სრულიად გადაჭარბებულად და უპასუხისმგებლოდ მიმაჩნია კრიზისული სიტუაციის დახატვა. ელემენტარული ანალიზიც კი საკმარისია, თუ რა შემთხვევაში და რა სახის ბიზნესზე აისახა ან შეიძლება აისახოს შექმნილი სიტუაცია, ესენია: სასტუმროების მფლობელები, იმ რეგიონებში და ქალაქებში სადაც სეზონი ჯერ კიდევ აქტიურია; რესტორნების და კვების ობიექტების მფობელები; პირები რომელთა შემოსავალი ძირითადად შეადგენს გზავნილებს საზღვარგარეთიდან; პირები, რომლებსაც მიმდინარე სესხები აქვთ უცხოურ ვალუტაში და გაეზარდათ მიმდინარე გადასახადი ლარში, თუმცა, ამ უკანასკნელებს, გადახდების სამთვიანი გადავადების შემთხვევაშიც, შეიძლება დაუდგეთ უფრო მეტი რისკი, რათა კიდევ უფრო გაეზარდოთ გადასახადი
5) აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი მსესხებლების ტიპი, წარმოადგენს ძალიან მცირე წილს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების პორთფელში, ხოლო რაც შეეხება უცხოურ ვალუტაში ნომინირებულ სესხებს, საერთოდ არ გაგვაჩნია
6) ასევე, გაუგებარია და სრულიად აბსურდულია ერთერთი მოტივი, რომელიც გაჟღერდა, რომ სესხების გადავადების მიზანია,ასევე თავიდან ავირიდოთ მსესხებლებთან კონტაქტი. ამ ლოგიკით, აღნიშნული მორატორიუმის განმავლობაში, მსესხებლებს შეეზღუდებათ სესხების მიღებაც?! აშკარაა, რომ კორონა-ვირუსი არ ამცირებს სესხზე და ფულზე მოთხოვნას, არამედ პირიქით
7) შესაბამისად, თუ საფინანსო ინსტიტუტები მასიურად მოახდენენ სესხების გადავადებას და სამი თვის განმავლობაში ვერ მიიღებენ შემოსავალს, ავტომატუად შეექმნებათ ლიკვიდურობის პრობლემა და ვეღარ შესძლებენ მსესხბლებისთვის სესხების გაცემას. ეს განსაკუთრებით ეხება მცირე ბანკებს და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს
8) ამ ყველაფრის ფონზე, ასევე გასათვალისწინებელია, რომ სანამ არ დაცხრება მსოფლიო პანიკა და არ გაიხსნება საზღვრები, შეუძლებელი იქნება დამატებით საერთაშორისო რესურსების მოზიდვა, რადგან ყველა საერთაშორისო პარტნიორის ვიზიტი გადაიდო. ჩვენი დაფინანსების ძირითად წყაროს კი, სწორედ საერთაშორისო რესურსები წარმოადგენენ. მეორეს მხრივ, კი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ამ ბოლო დრო ისედაც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებიან საქართველოს ბაზარს, რაც შარშან, ძირითადად განპირობებული იყო ახლადამოქმედებული რეგულაციების შედეგად გამოწვეული მაღალი რისკიანობით და ცალკეული, ეკონომიკურად დაუსაბუთებელი სოციალური ინიციატივებით, მაგალითად როგორიც იყო სესხების პატიების პროექტი წინასაარჩევნოდ.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, იკვეთება აშკარა რისკი, რომ საფინანსო-საკრედიტო ბაზარზე წარმოიქმნას კიდევ ერთი ქაოსი და არეულობა, მსგავსად 2019 წლის პირველი ნახევრისა, როდესაც მნიშვნელოვნად გაიზარდა პორობლემური პორთფელის, მსესხებლების და მათ შორის ურჩ გადამხდელთა რიცხვი, ამან კი შესაძლოა საბოლოოდ ჩამოშალოს საფინანსო სექტორი და ის გახდეს სრულიად უინტერესო ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის.
ამიტომ, მივმართავ თხოვნით ქვეყნის ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას, ჩვენს მსესხებლებს,  საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებს, პოლიტიკოსებს, რომ გამოიჩინონ მეტი სიფრთხილე, წინდახედულება და თანმიმდევრულობა.
სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა უფლის შეწევნით და ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ქმედითობით, მალევე დაამარცხებს ამ გამოწვევას,ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო. თუმცა ამ საყოველთაო და მოკლევადიან პანიკაში ნუ დავაზიანებთ ქვეყნის მდგრადობისთვის ძალზედ მნიშვნელოვან საფინანსო სექტორს, რამაც შეიძლება უფრო მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანოს.
პატივისცემით,
ბესიკ შენგელია
ლაზიკა კაპიტალი



  

 

     

 


 

მისამართი:
ზუგდიდი, გამსახურდიას ქ. N59
ტელეფონი: 0322 19 47 27


სამუშაო საათები
ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით - 10:00-დან 17:30-მდე
შაბათს - 10:00-დან 13:30-მდე

 

 

 

ჩვენ შესახებ

მისია
ორგანიზაციის ისტორია
მენეჯმენტი
სამეთვალყურეო საბჭო

 

 

 

 

 

პროდუქტები

აგრო სესხი
ბიზნეს სესხი
სწრაფი სესხი
სესხი მიტანით
განვადება
პორტირება
არასაკრედიტო როდუქტები

 

 

 

 

კარიერა

ვაკანსია